ბლოგი

საჩუქრის ტრადიციები

საჩუქრების საინტერესო ტრადიციები მსოფლიოდან

მოგესალმებით საჩუქრის მიღება-გაცემის მოყვარულებო 💜
დღევანდელ ბლოგში გაგიზიარებთ მსოფლიოში გავრცელებულ უცნაურ და სახალისო ტრადიციებს საჩუქრების ჩუქებასთან დაკავშირებით.

დავიწყოთ გერმანიითა და მისი როგორც მეგობრული, ასევე ეკო-მეგობრული სახალისო ტრადიციით “Schrottwichteln”, რაც გულისხმობს სახლში არსებული გამოუსადეგარი ნივთების გადაჩუქებას. შეფუთე ლამაზად შენი ყურმოტეხილი ფინჯანი, 2 ზომით დიდი ქუდი, ტყემლის ბოთლი (ცარიელი) და ყველაფერი, რასაც შენი ფანტაზია და შენსა და ადრესატს შორის მეგობრობა აიტანს – ეხუმრე საჩუქრით.

შემდეგი ტრადიცია უკავშირდება 11/11-ს, ანუ სამხრეთ კორეასა და პეპეროს დღეს, რომელიც 11 ნოემბერს აღინიშნება. ეს სასაჩუქრე დღესასწაული ძალიან ჰგავს ვალენტინობის დღეს, თუმცა მისგან რამდენიმე ელემენტი განასხვავებს. 11 ნომებრის აუცილებელი საჩუქარია გრძელი, წვრილი, შოკოლადში ამოვლებული პეპეროს ჩხირები. მიიჩნევა, რომ რაც უფრო გრძელია ჩხირი, მით უფრო ღრმაა სიყვარული. ვალენტინობისგან განსხვავებით, პეპეროს დღეს სიყვარული გამოიხატება არა მხოლოდ რომანტიკულ წყვილებს შორის, არამედ ნებისმიერ ძვირფას და საყვარელ ადამიანებს შორის, იქნება ეს მეგობარი, მასწავლებელი, თანამშრომელი, მეზობელი თუ უბრალოდ ქუჩაში გამვლელი მომღიმარი უცნობი. 💜

დღეისთვის ბოლო სასაჩუქრე ტრადიცია არის ყველაზე მყუდრო და ღუნღულა ტრადიცია ისლანდიიდან – Jólabókaflóð იგევე, რაც Christmas Book Flood. შობის ღამეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან, ცვლიან წიგნებს, როგორც საჩუქრებს, მთელ საღამოს ატარებენ კითხვაში, თბილი და გემრიელი სასმლის თანხლებით და ამგვარად ზეიმობენ ერთად ყოფნასა და დღესასწაულს.

დღეისთვის სულ ეს იყო. შევხვდებით მომდევნო ისტორიაში, საჩუქრების ფენომენი ხომ ყველა კულტურის განუყოფელი ნაწილია.

გადმოიწერე ემოთი ანდროიდსა და iOS-ზე